ჩინეთის საელჩო საქართველოში, ჩინეთის რესპუბლიკის სახელით, ქართველ ერს თანადგომისთვის მადლობას უცხადებს
2020 წლის 13 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართელოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჩინელი ხალხისადმი მიძღვნილი სიმბოლური საქველმოქმედო აქციის ,,გამოხატე შენი მხარდაჭერა ჩინეთისადმი, გაიღე პირბადე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და საკუთარი აზრი დააფიქსირეს: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ქალაქ ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა, ჩინეთის ელჩის მრჩეველმა ძუო ხუნგბომ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, სინოლოგმა, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ჯიბლაძემ.
,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას მჭიდრო კავშირი აქვს ჩინელ კოლეგებთან და ეს მხოლოდ დისტანციური ურთიერთობებით არ შემოიფარგლება, ჩვენ ჩინეთში ოფიციალური წარმომადგენლობა გვაქვს. ძალიან განვიცდით ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. რამდენიმე დღეში აშენებული საავადმყოფოები, ეს მხოლოდ ისეთ ძლიერ და ორგანიზებულ ხალხს შეუძლია, როგორებიც ჩინელები არიან, ამიტომ ღრმად ვართ დარწმუნებულები რომ ჩინეთი ამ მძიმე მდგომარეობას მალე გადალახვს“ – განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ.
,,დიდი მადლობა ამ აქციის სულისჩამდგმელს ბექარ მიქაბერიძეს, რომელიც ამჟამად ჩინეთში იმყოფება ჩინელი ხალხის გვერდით და იქ ყოფნით უცხადებს მათ თანადგომას და გამოხატავს მათდამი სიყვარულს. ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით მინდა გამოვხატო ჩინელი ხალხისადმი სოლიდარობა, სიყვარული და გვერდში დგომა. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩინეთი აღნიშნულ პრობლემას გაუმკლავდება და მალე დაამარცხებს ეპიდემიას“ – განაცხადა ღონისძიებაზე მყოფმა ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა.
ღონისძიებაზე მისულმა ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლებმა ქართველ ერს სოლიდარობისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს. ,,ამ მძიმე ვითარებაში, როდესაც ქართველი ერი მხარში უდგას ჩინელ ერს, მე მინდა სრულიად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელით მადლობა გადაგიხადოთ სოლიდარობისთვის“ – ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა ჩინეთის ელჩის მრჩეველმა ძუო ხუნგბომ.
აქცია, რომელიც 10 თებერვალს დაიწყო და დღეს 20 საათზე დასრულდება, მისი მთავარი მიზანია, ჩინეთში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ჩინელი ხალხისადმი თანადგომისა და სოლიდარობის გამოხატვა. აქციაზე მისულ თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ჩინეთის მისამართით გამამხნევებელი სურვილები სამაგიდო ალბომში დააფიქსიროს. აქციის ფარგლებში თითოეული ადამიანის მიერ შემოწირული პირბადე პირდაპირ ეპიდემიის ეპიცენტრში, ქალაქ უხანში გაიგზავნება.
აქციის მხარდამჭერები არიან ჩინეთში საქართველოს საელჩო, ყვარლის მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია. აქციის მედიაპარტნიორები არიან საინფორმაციო სააგენტო ,,სინომედია” და ბიზნეს მედია კონტაქტი.